logo
ENG



NATO-ში შესვლის პროცესის გამარტივების ფონზე, წულუკიანის აზრით, "უკრაინას წინ არ წაუწევია"

14 ივლ 202301:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/14/pd1kimnh3de56n5.jpg
კადრი: იმედი

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის აზრით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ "ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება", რომ უკრაინამ NATO-სკენ გზაზე წინ წაიწია. მისი თქმით, ალიანსმა უკრაინა წევრობის "დაუსრულებელი მოლოდინის რეჟიმში" დატოვა.

ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, ჩვენთვის ყველასთვის სამწუხაროდ, რომ უკრაინამ წინ წაიწია [NATO-ში ინტეგრაციის პროცესში] ვინიანად, უკრაინა როგორც იყო მოლოდინის რეჟიმში, ხაზს ვუსვამ, სამწუხაროდ, NATO-მ ისევ დატოვა მოლოდინის რეჟიმში. უფრო მეტიც, ჩვენ უკრაინის შიდა პოლიტიკურ შეფასებებს თუ გავეცნობით და თვალს არ დავხუჭავთ და გვინდა ვიყოთ ობიექტურები, ვნახავთ, რომ თავად უკრაინის მაღალი დოლის ხელმძღვანელობა, რომელიც შეიძლება მოგვწონდეს, ან არ მოგვწონდეს, უკმაყოფილებას გამოხატავს NATO-ს მიერ უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კერძოდ იმაზე, რომ უკრაინას მორიგ ჯერზე უთხრეს, ისევე როგორც საქართველოს, რომ შენ გახდები წევრი" - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, უკრაინას, იმიტომ რომ ომში მყოფი ქვეყანაა, "უთხრეს, რომ აღარ დაავალდებულებენ რომ ე.წ MAP-ის გზით იაროს" და შემდეგ "დააჯილდოონ წევრობით", თუმცა იმავდროულად, წულუკიანის თქმით, უკრაინას NATO-მ უთხრა, "არ გეტყვი და ვერ გეტყვი და არ გეუბნები, როდის გახდები წევრიო".

"უბრალოდ უთხრეს, რომ ომი უნდა დასრულდეს ჯერო და მერე ყველა წევრმა უნდა მოგცეს თანხმობაო. ეს, ჩემი აზრით, ისევ დაუსრულებელი მოლოდინის რეჟიმია უკრაინისთვის." - განაცხადა წულუკიანმა. 

კულტურის მინისტრის თქმით, სამიტზე საქართველოსთვის "არც თუ ისე სახარბიელო გადაწყვეტილება" მიიღეს, ანუ თქვეს "იგივე, რაც იყო ბუქარესტში, რომ კარი ღიაა".

"ამ კარში ეს პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა დღემდე, რატომღაც, ვერ ეტევა, მაგრამ ჩვენ ამ კარში აუცილებლად გავეტევით და შევეტევით იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ურყევი გზა" - თქვა კულტურის მინისტრმა.

11-12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა უკრაინისთვის გააუქმა MAP-ის მოთხოვნა და უკრაინის წევრობის გზა 1-ნაბიჯიან პროცესად იქცა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი შეთანხმდა უკრაინისთვის 3-წლიან პრაქტიკული დახმარების პროგრამაზე, რომელიც ქვეყანას ალიანსთან კიდევ უფრო დააახლოებს.

გენმდივნის ინფორმაციით, ასევე შეიქმნება NATO-უკრაინის საბჭო სადაც ალიანსის წევრი ქვეყნები და უკრაინა თანასწორები იქნებიან.

საქართველო ვილნიუსის სამიტზე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის სახით იყო წარმოდგენილი. 

გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში NATO-ს სამიტზე არ მიიწვიეს, რადგან უკრაინაში ომის "ერთ-ერთ მთავარ მიზეზად" NATO-ს დასახელების შემდეგ ის, როგორც ალიანსმა თავად პრემიერს განუმარტა, "სასურველი სტუმარი არ იყო".

სტატია, სათაურით "რატომ შორდებიან საქართველო და NATO პოლიტიკურად", საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის NATO-ს სამიტისადმი წერილის განხილვით იწყება, სადაც პაპუაშვილი NATO-ს მხრიდან საქართველოსადმი "უსამართლო მოპყრობაზე" საუბრობს.

გამოცემა წერს, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინა NATO-ს უახლოვდება, საქართველო და თავდაცვითი ალიანსი ერთმანეთს პოლიტიკურად უფრო და უფრო შორდებიან. საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობების "სიმპტომს" უწოდებს გამოცემა იმ ფაქტს, რომ საქართველო ალიანსის სამიტზე პრემიერის სახით არაა წარმოდგენილი.

 

close დახურვა